ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. როგორც აი-დი-ეფ-აისი განაცხადეს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო სხდომები არის საჯარო და შეიძლება დაიხუროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კონსტიტუციის ამ დათქმის საპირისპიროდ, სადავო ნორმები კრძალავენ პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლო გადაწყვეტილების გაცემას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაწყვეტილება საჯარო სხდომის შედეგად არის მიღებული. აქედან გამომდინარე, IDFI ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის, ისევე, როგორც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით", - ნათქვამია განცხადებაში.