რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს მხრიდან რუსეთის საზღვრის, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზების გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო, ქართული მხარე ეხმაურება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით რუსეთის რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია და განსაკუთრებული ყურადღება მართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. მისივე თქმით განცხადება არის მცდელობა შეიქმნას საფრთხის ილუზია.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თაცმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის დამამცირებელი და ცინიკურია, რადგან ის მოხსენიებულია "ამერიკის მოსწავლედ და შეგირდად“. მისივე თქმით, ამავე საკითხზე უკრაინის და აშშ-ის საელჩოს განცხადება გაცილებით ადეკვატური და მწვავეა, ვიდრე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების "ლუღლუღი და მორცხვი შეკამათება".