დეპუტატები პარლამენტის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობაზე მსჯელობენ - Palitra News

დეპუტატები პარლამენტის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობაზე მსჯელობენ

2020-03-18 15:11:58+04:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობაზე მსჯელობენ.

დეპუტატები რეგლამენტის პროექტის მომხსენებლისგან დაინტერესდნენ, რა ტექნოლოგიური საშუალებებით მოხდება პარლამენტის დისტანციური მუშაობის წარმართვა, შეიქმნება თუ არა ახალი ონლაინ პლატფორმა და რა ვადები დასჭირდება ამას. პარლამენტის წევრების მიერ დასმული კითხვები ასევე შეეხებოდა ელექტრონული კენჭისყრისას გარკვეული რისკების გათვალისწინებას.

კერძოდ, დეპუტატები დაინტერესდნენ, კანონპროექტების ელექტრონულად განხილვისა და კენჭისყრის პროცესში დაზღვეული იქნება თუ არა პოლიტიკური, სამართლებრივი და სხვა სახის რისკები, მათ შორის მოხდება თუ არა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რეგლამენტში შესატანი ცვლილების თაობაზე დეპუტატების დასმულ კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარემაც უპასუხა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ პარლამენტის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება ბიურომ მიიღოს, ნაცვლად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარისა.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, მისივე განცხადებით, შესაძლებელი იქნება, რომ ყოველი კენჭისყრისას ეტაპობრივად გადამოწმდეს, დეპუტატების მიერ მიცემული ხმის ნამდვილობა.