კოალიციის თაობაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას დეპუტატები ეხმაურებიან.
"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის გაცნობიერება, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს წააგებს და ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დათმობა მოუწევს. ჭიაბერაშვილის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება, თუმცა "ქართული ოცნების" გარეშე.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის გზავნილებში სიცრუის გარდა ვერაფერი ამოიკითხა. მისივე თქმით, ერთადერთი ღიად დადასტურდა - "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ 2020 წლის არჩევნებში ის უმრავლეს მანდატს ვერ მოიპოვებს.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.