2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 192 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 189 ლარი და 50 თეთრი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარითა და 30 თეთრით არის შემცირებული. შარშან დეკემბერში საარსებო მინიმუმი 194 ლარსა და 80 თეთრს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2 ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 170 ლარი და 50 თეთრი გახდა. ნოემბერში ეს თანხა 167 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 172 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა.