ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე თბილისია (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე). დედაქალაქში შემწეობას 130 748 ადამიანი იღებს, რაც შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობის 20,3%-ია. მეორე ადგილზეა იმერეთი 13%-ით, ამ რეგიონში საარსებიო შემწეობას 83 563 ადამიანი იღებს. სამეულშია ქვემო ქართლი, სადაც სახელმწიფო დახმარებას საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 12% იღებს, ჯამში - 77 681 ადამიანი.
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, თუ 2020 წლის დეკემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 011 868 ადამიანი, 2021 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1 091 378-მდე გაიზარდა. აქ მატება თითქმის 8%-ია.