დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების თაობაზე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატი გიორგი ფანცულაია სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საჩივრით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას და დეკანოზისთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და არგუმენტირებული და მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ადვოკატებს არ უსმენდა. ამასთან დაკავებულის ადვოკატები მამა გიორგი მამალაძის დაკავებისას ბრალდებულის უფლებების დარღვევებზე საუბრობენ. ისინი აეროპორტში გადაღებული ვიდეომასალის ამოღებას ითხოვენ.