ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე დღეში გაგზავნიან. საჩივრის გაგზავნის ექვსთვიანი ვადა პირველ თებერვალს იწურება, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეს რამდენიმე დღეში გაგზავნიან. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს, საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ არც ერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.