26 სექტემბერს, თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ავტომანქანა, რომელშიც 7 ადამიანი იჯდა, ხეს შეასკდა. ადგილზე დაიღუპა 4 ახალგაზრდა - ძმები: ტატო და დავით ხუნჯუები და მათი მეგობარი ასევე ძმები: სერგო და ლევან ლაშქარავები, მანქანაში მყოფმა კიდევ სამმა ახალგაზრდამ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს ოპერაციები ჩაუტარდათ, მათ გადარჩენას ექიმები დღემდე ცდილობენ, როგორც ამბობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ოთხივე ახალგაზრდა ერთ უბანში - კუკიაზე გაიზარდა, მათზე წარსულ დროში საუბარი ყველას უჭირს. როგორც გაირკვა, ხუნჯუების და ლაშქარავების დედები კუკიის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები და იმ საბედისწერო დღეს შვილები მათ საფლავზე მივიდნენ. იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.
იმ საბედისწერო დღეს დათოს დაბადების დღე იყო. ბიჭი გვიან დაბრუნებულა სამსახურიდან. სუფრა გაიშალა და ბიჭები აღნიშნავდნენ ერთად იუბილეს, სუფრასთან ახალ დამსხდრები, მალევე წამოშლილან და სწრაფად გასულან სახლიდან. როგორც მითხრეს, დედების სადღეგრძელო დაულევიათ და დათოს უთქვამს, დედას საფლავზე ავიდეთო და ყველანი ერთად წასულან კუკიის სასაფლაოზე. მანქანაში 7 ადამიანი იჯდა. დაშავებულებიდან ერთი ჩვენი უბნელი ბიჭია, ხოლო ორი ხუნჯუების ახლობელი. სახლამდე მოსასვლელად 3, მაქსიმუმ, 5 წუთი სჭირდებოდათ და მოხდა ეს საშინელება... სახლამდე ვეღარ მოაღწიეს. არც ტატოს და დათოს ჰქონდა ოჯახი შექმნილი. ულამაზესი, ჯიშიანი ბიჭები დავკარგეთ. ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო თქვა.მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.