თბილისში, სარეკლამო აბრების სანებართვო პირობების და დადგენილი წესების გვერდის ავლით განთავსებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება. ამის შესახებ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება. ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისთვის სამართალდამრღვევი 300 ლარის ნაცვლად 1 000 ლარით, ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსებისთვის 500 ლარის ნაცვლად 3000 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, დგინდება სანქცია ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთის, წარმოების, გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის და იგი განისაზღვრება 1000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 3000 ლარით. ასევე, დგინდება სანქციები აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევისთვის და იგი ფიზიკური პირისათვის 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისათვის 3000 ლარით განისაზღვრება. ამასთან, დაგეგმილი ცვლილებებით, თბილისის ტერიტორიაზე არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)ფიზიკური პირის 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია - 3000 ლარით დაჯარიმდება.