დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა.
კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ყველა უსახლკარო თბილისელ ოჯახს დაეხმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, თუმცა, მიწების მიტაცებას არასდროს დაუშვებს.
ამასთან, თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს დაავალა, მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება გამკაცრდეს და არცერთი უკანონო მშენებლობა დემონტაჟის გარეშე არ დარჩეს.