ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, საქარე მინაზე არსებული 5 მილიმეტრის ზომის ერთი ან რამდენიმე მცირე დაზიანება ვტომობილის დახარვეზების მიზეზი აღარ გახდება. ამასთან, ინსპექტირების ცენტრებში ავტომობილები ტექდათვალიერების წარმატებით გავლას გვერდითი მინების დამუქების შემთხვევაშიც შეძლებენ. ინსპექტირების დროს ყურადღება აღარც ავტომანქანის შეფერილობაზე გამახვილდება. ვაჟა იორდანიშვილის განმარტებით, ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავა. ვაჟა იორდანიშვილის განმარტებით, დახარვეზებული და გამართული ავტომობილების ერთიანი მონაცემთა ბაზა უკვე შექმნილია. შესაბამისად, ჭკვიანი კამერები აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ მძღოლებს აჯარიმებენ, რომლებმაც ტექინსპექტირება დროულად არ გაიარეს. იორდანიშვილი ამბობს, რომ მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდა ცდომილება რის გამოც შესაძლოა, მძღოლების მცირე ნაწილი უსამართლოდ დაჯარიმდა. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ტექნიკური რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება. თუმცა დავით მესხიშვილი ამბობს, რომ მუშაობის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს. მესხიშვილის თქმით, პრობლემა არის ისიც რომ ინსპექტირების ცენტრები საქართველოს ყველა რაიონში არ ფუნქციონირებს. ცნობისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა. შემოწმებას ის მსუბუქი ავტომობილებიც გადიან, რომელთა ძრავის მოცულობაც 3 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია.