საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს დღეს იწყებს.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა. დღესვე ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესია გაიხსნება.
ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული სხდომები წელიწადში სამჯერ იმართება, თუმცა წელიწადში ერთხელ სესია მაღალი დონის სეგმენტით, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრების რანგით ტარდება. სწორედ ამ ფორმატში მოუსმენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე წარადგენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს.
ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები სამი წლის ვადით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით აირჩევიან. საქართველო ამ ეტაპზე საბჭოს წევრი არ არის, მას წევრობა 2018 წელს ამოეწურა და კანდიდატურას კიდევ ერთხელ 2023 წელს დააყენებს.