თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა, რომლებიც 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.
აღნიშნული საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ოთხივე მოწმემ განაცხადა, რომ დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენების დროს ფარდული მათი თვალთახედვის არეში არ იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.