როდესაც ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, პირველ რიგში უნდა იყო დაინტერესებული ამ ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ. მისივე თქმით, პროკურატურაში არმისვლის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს.
შეგახსენებთ, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.