"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძაძის სასამართლო პროცესზე 15 000 ხელმოწერას წარადგენენ და მის თავდებით გათავისუფლებას მოითხოვენ. აღნიშნულის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. მისივე თქმით კირკიტაძე მზად არის გირაოთი გარეთ ყოფნის შემთხვევაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მივიდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება. დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 12 საათზე დაიწყო. ბოლო სხდომაზე, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე დავით ნაიმანიშვილმა ძალაში დატოვა. რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.