ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. დავით ქევხიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს - კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნულია დავით ქევხიშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე კვირაა ითხოვს ქევხიშვილის გადაყენებას. ამ მოთხოვნით ისინი პერმანენტულ აქციებს მართავდნენ.