ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერ დავით ქაცარავაზე თავდასხმას „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერები მმართველ პარტიას უკავშირებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა აღნიშნა, ქაცარავას „ქართულმა ოცნებამ“ ტიტუშკები მიუგზავნა. ჩალაგაშვილის თქმით, თავდასხმის მიზანი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის შეშინებაა, რაც როგორც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, მარტივი არაა. ჩალაგაშვილი ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაადგინონ ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც თავს დაესხნენ დავით ქაცარავას და გაიგონ რატომ იდგა პოლიცია უმოქმედოდ მაშინ, რომდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის - „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას მისამართით განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას 4-5 კაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდასხმა ვერ შეაჩერა.