გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ.
როგორც სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, გუშინ ოკუპანტებმა დაამონტაჟეს ღობეები და დღეს კვლავ გააგრძელეს მუშაობა. ამასთან ქაცარავა ხელისუფლებას უმოქმედობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მკაფიოდ ეხმარება ოკუპანტებს გუგუტიანთკარის ოკუპაციაში.
ადგილობრივების თქმით, სიტუაცია დაძაბულია და ახალი პერიმეტრი საკმაოდ შემოჭრილია მათ ბაღებში და მიწების დიდი ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე რჩება.
აღსანიშნია, რომ ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.