ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, წინასაარჩევნოდ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ხელისუფლების მხრიდან არასახელმწიფოებრივი ქმედებაა. როგორც ის აცხადებს, ტყუილია, რომ გარეჯი „ვიღაცამ ვიღაცას გადასცა”.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით კი ხელისუფლება დავით გარეჯის საკითხით რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. მისივე შეფასებით, პროკურატურა პოლიტიკური შეკვეთების შესრულებითაა დაკავებული.
პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს. ვოლსკის თქმით დავით გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება. მისი თქმით, საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება და აუცილებლად უნდა გამოიძიონ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.