ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „ლელოს“ წევრი, იურისტი კახა კოჟორიძე ავრცელებს. როგორც „პალიტრანიუსს“ კოჟორიძემ განუცხადა, საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, ასევე მოპასუხე მხარედ სარჩელში დაფიქსირებულია პაატა კარსანიძეც, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაუთმო. საქმესთან დაკავშირებით, კოჟორიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისივე ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ხვალ, 17 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრებენ.