საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დეტალურად არის ასახული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.
დავით დონდუას განცხადებით, დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ათასობით ჯარისკაცისა და მესაზღვრის უკანონო ყოფნა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღება ეთმობა ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა და ხაზგასმულია, რომ საქართველოს ძალისხმევის შედეგად მკვლელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაზე იმყოფება.