ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა და ის სხვა ეპარქიის მონაზვნით ჩაანაცვლა. ამის შესახებ დედა სოსანასთვის საგანგებო თათბირზე გახდა ცნობილი.
მონაზონი ამბობს, რომ ის მის მიერ დასმული კითხვების გამო დაისაჯა. ამბობს, რომ დაინტერესდა პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებული ბრალდებებით და მეუფე სტეფანეს მიერ ყოფილი მიტროპოლიტის მისამართით წარმოთქმული ბრალდებებით. დედა სოსანასთვის მიუღებელი აღმოჩნდა მეუფეს მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც მას საქართველოს პატრიარქი ლოცვებში უნდა მოეხსენიებინა.
მონაზონი სხვა სამ დასთან ერთად მონასტრიდან წასვლას არ აპირებს, თუ მათ წასვლა ძალის გამოყენებით არ აიძულეს. თათბირის ამსახველი ვიდეო მასალა ეპარქიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.