პარასკევს დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხელოვნური კუნძულის პროექტს, რომლის მშენებლობაც 2 მილიარდი კრონი ანუ 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი დაჯდება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სამუშაოები 2035 წელს დაიწყება და 2070 წელს დასრულდება. ახალი კუნძულის აშენებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადოდ არაა შესწავლილი, თუ როგორი იქნება მშენებლობის ეკოლოგიური შედეგები.
ხელოვნური კუნძულის ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი იქნება. ის დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენს მომავალი წყალდიდობებისგან დაიცავს, რომელსაც ზღვის დონის მატება იწვევს. კუნძულზე 35 ათასი ადამანის დასახლებაა დაგეგმილი, რომლებისთვისაც მეტროს ხაზიც გაკეთდება.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობის იდეა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლარს ლიუკკე რასმუსენს ეკუთვნის, რომელმაც პროექტი 2018 წლის ოქტომბერში წარმოადგინა. ის კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტმა მაშინვე მოიწონა.