გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძებისა და მავთულხლართების გარდა, დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.
მოსახლეობის თქმითვე, მავთულხლართებს აბამენ მათ საკუთარ ბაღებსა და ეზოებშიც.
გუგუტიანთკარში "პალიტრანიუსის" გადამღეფი ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ამ დროისთვის საზღვართან, სადაც მავთულხლართებია გაბმული, შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან, ჟურნალისტებისთვის აღნიშნულ ტერიტორიასთან მიახლოება კი აკრძალულია.
შეგახსენებთ, აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ქართულმა მხარემ საქმის კურსში ჩააყენა ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.