შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. 23 მაისს, 24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდული იქნება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. 25 მაისს, 24:00 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას. 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.