26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცი საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა დადეს. თბილისის გარდა ფიცის დადება 5 ლოკაციაზე - ზუგდიდში - დადიანების სასახლეში, რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში გაიმართა. ჯამში ფიცი 463 რეკრუტმა დადო. წვევამდელ ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფიცი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიბარა. რის შემდეგაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. მოქალაქეებს ასევე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ , პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართეს.