1-ლი ნოემბრიდან დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.
მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ ინფორმაციას ინტერპოლს მიაწვდის და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები 1-ლ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე არ გავრცელდება.