ახალი წელი თავისებური დღესასწაულია, რომლის შესახვედრად და ლამაზად აღსანიშნავად უამრავ სამშვენისსა და სხვადასხვა სახის საზეიმო ნივთებს იყენებენ; ამზადებენ და მიირთმევენ სადღესასწაულო, ტრადიციულ კერძებსა და სასმელებს. ზომიერების გრძნობა ადამიანმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს, მათ შორის დღესასწაულის დროსაც. საკვებისა და სასმლის მიღებისას ზომიერება გვმართებს ყველას, რათა საახალწლო სუფრასთან ან მეჯლისზე ყოფნისას მიღებული სიამოვნება და სიხარული ხანმოკლე არ აღმოჩნდეს. ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავაგდოთ.ახალი წლის ღამეს სასიამოვნოა სტუმრების მიღება და გამასპინძლება. საქართველოში, როგორც წესი, საღამოდან მოყოლებული დილამდე სუფრას უსხედან ადამიანები. ჯერ ძველ წელს აცილებენ, შემდეგ ახალ წელს ხვდებიან ტრადიციული სადღეგრძელოებით, საათების განმავლობაში გრძელდება სხვადასხვაგვარი საკვების, სასმლის, ტკბილეულის მირთმევა... მათ ერთმანეთში არევას ხშირად არასასიამოვნო შედეგებამდე მივყავართ. ბევრი ადამიანი სადღესასწაულო კერძებისა და სასმელების გადაჭარბებული მიღების გამო ახალ წელს საავადმყოფოშიც კი ხვდება.
ახალი წლის დღესასწაული და საზეიმო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის და სისხლივით წითელი ღვინის, კონიაკის თუ საზეიმო ლიქიორების გარეშე. ბოლო დროს კი სუფრას ბევრი უცხო თუ ეგზოტიკური სასმელიც შეემატა. საახალწლო დღესასწაული რომ დიდ უსიამოვნებად არ გექცეთ, დაიცავით ზომიერება. მიირთვით მხოლოდ სუფთა ღვინო, რა თქმა უნდა, ნატურალური. ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა სასმელს, ნურც უალკოჰოლო სასმელებს აურევთ სხვა სასმელში. ამან შეიძლება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.