8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდება. მანამდე კი, რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.
პუტინის განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში რუსი ტურისტების მიერ ქვეყნის მასიურად დატოვებასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის, იყო საუბარი დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესახებაც. თუმცა, როგორც თბილისის და ბათუმის, ასევე ქუთაისის აეროპორტებში განაცხადეს, ფრენები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და რუსეთის მიმართულებით დამატებითი რეისები არ დანიშნულა.
ცნობისთვის, საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“. ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“. ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.