კონცერნმა Daimler-მა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 მილიარდ 700 მილიონი ევროს მოგება ნახა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 60%-ით ნაკლებია. კომპანიას ასე მცირე მოგება ბოლოს 10 წლის წინ ჰქონდა. მიუხედავად მოგების სიმწირისა, გაზრდილია მისი შემოსავლები და მან 172 მილიარდ 700 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ მოგების მკვეთრი შემცირება კომპანიის მხრიდან ელექტრომობილების მიმართულებით ძალიან დიდი ინვესტიციებით და დიზელის სკანდალის შედეგად დაკისრებული 4 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმებითაა გამოწვეული.
Daimler-ის მხრიდან ამ ფინანსური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მისი აქციების ფასმა იკლო და ერთ ერთეულზე 90 ცენტი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 3 ევრო და 25 ცენტი იყო.
რაც შეეხება ბრენდს Mercedes-Benz-ს, რომელიც Daimler-ის კუთვნილი ბრენდია, ის 2019 წელს გაყიდვების ლიდერი ბრენდი იყო პრემიუმ სეგმენტში და კომპანიამ გასული წლის განმავლობაში 2 მილიონ 340 ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც 1,9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამ ბრენდისთვის ეს ზედიზედ ცხრაწლიანი ზრდაა.