გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სარეზერვო ფონდის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა. ფონდიდან დაფინანსდა პროექტები კონსტიტუციის პოპულარიზაციაზე, დემოკრატიული ცნობიერების ამაღლებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციულ გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე. სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია მასშტაბური კამპანიები: შენი ხმა ჩვენი მომავალია, კონსტიტუცია ყველასია, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი რესპუბლიკის 100 წელი, ვისწავლოთ ქართული და კამპანია- მოითხოვე ქართული.