ცხოვრების არაჯანსაღი წესი, გაცხიმოვნება და სხვა ფაქტორები მთელ მსოფლიოში ზრდის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვს. ექსპერტთა განცხადებით, დაავადების მატება იმდენად საგანგაშოა, რომ მსოფლიო უახლოეს 10 წელიწადში შესაძლოა ინსულინის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.
სადღეისოდ მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია დაავადებული შაქრიანი დიაბეტით. ამ კონტინგენტის ასაკი 20-დან 79 წელს შეადგენს. სპეციალისტების ვარაუდით, 2030 წლისთვის დაავადებულთა რიცხვი 500 მილიონს გადააჭარბებს და ამ დროისთვის ინსულინზე მოთხოვნილება 20 %-ით გაიზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა 50 % ვერ მიიღებს ინსულინს, რომელიც ასე ესაჭიროება.
ექსპერტები მოსალოდნელ დეფიციტს ინსულინზე მონოპოლიასაც უკავშირებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში ინსულინი ძალიან ძვირია. ზოგიერთ ქვეყანაში კი შეინიშნება მისი მარაგის არაადეკვატური გადანაწილება.