აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დიაბეტის განვითარებისას, 7-დან ერთ შემთხვევაში, მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. დიაბეტის მიზეზად ხშირად ასახელებენ დიეტასა და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას. ახალი კვლევის მიხედვით კი, 2016 წელს გამოვლენილ დიაბეტის შემთხვევათა დაახლოებით 14% ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. 2016 წელს ჰაერის დაბინძურების გამო, მსოფლიოში 3.2 მილიონი ადამიანი დაავადდა დიაბეტით.
მსოფლიოში 420 მილიონი ადამიანია დაავადებული დიაბეტით და ეს დაავადება ერთ-ერთია იმ დაავადებათა შორის, რომელიც პლანეტაზე ყველაზე სწრაფად ვრცელდება. დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც, ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, - გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი - პანკრეასი.