შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ლიფტში ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. როგორც შსს-ში განაცხადეს, ბათუმში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნილია.
"სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. სამართალდამცველებმა გ.ჩ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.