შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან გაადვილების მიზნით განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 2019 წლის ოქტომბრიდან ძებნილი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ზ.მ.-მ 2019 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ, იგი წაიყვანეს ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ვ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.