შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა - დაკავებულია 5 პირი, ასევე ჰეროინის რეალიზაციის ფაქტზე ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი და ერთი პირი ნარკოდანაშაულისთვის.„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინეს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია "ტელეგრამის" მესენჯერში შექმნეს ჯგუფები - ე.წ. "drug-shop"-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა "მატანგაზე" - ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. ასევე, დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული - მ.ს. - აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა.პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო" და ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ", რომლებიც განკუთვნილი იყო "ტელეგრამში" არსებული ჯგუფების - ე.წ. "drug-shop"-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.