11:12
14 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
დაადგინეს, როგორ აკონტროლებენ ნერვული უჯრედები ანთებით რეაქციას - ამ მიგნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ასთმითა და ალერგიით დაავადებულებისთვის
01-05-2019

ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები დიდი ხანია განიხილავენ. თუმცა, პრაქტიკულად ახლა გახდა შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ როგორ აკონტროლებენ ნერვული უჯრედები ორგანიზმში განვითარებულ ანთებით რეაქციას. კვლევა ვეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის  მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი საცდელ ვირთაგვებს სპეციალურად ასნებოვნებდნენ ჰელმინთებით და ზემოქმედებდნენ მათზე სერიოზული ალერგენებით, ცხოველთა ორგანიზმში ანთებითი რეაქციის პროვოცირებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, ვირთაგვების ორგანიზმში მკვეთრად იმატებდა ციტოკინების რაოდენობა. ანთების ეს მოლეკულები ზრდის ლორწოს გამომუშავებასა და კუნთების შეკუმშვას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პარაზიტებისა თუ ალერგენების ორგანიზმიდან გამოძევებას.

კვლევის დროს ციტოკინების გამომყოფი უჯრედების ზედაპირზე მეცნიერებმა იპოვეს რეცეპტორები, რომლებიც ურთიერთქმედებს ნორადრენალინთან - ქიმიურ ნეიროტრანსმიტერთან, რომელიც ნერვული უჯრედებით გამოიყოფა. სწორედ ამ გზით ხორციელდება ნერვულ და იმუნურ სისტემებს შორის კავშირი. ექსპერიმენტებით ისიც დადასტურდა, რომ აღნიშნულ რეცეპტორთა მოცილების შემთხვევაში ჰელმინთებით დასნებოვნების შემდეგ ვირთაგვებს გამძაფრებული ანთებითი რეაქცია უვითარდებათ, ხოლო რეცეპტორთა წინასწარი სტიმულაციის ფონზე, პირიქთ, ანთება  ცხრება.

ამ მიგნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ასთმით, ალერგიითა და სხვა ანთებითი რეაქციით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რადგან სწორედ ანთებითი რეაქციის ინტენსივობის რეგულირებაა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები