15 იანვარს გახდება ცნობილი დაადებს თუ არა პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს. სწორედ ორშაბათს იწურება 10-დღიანი ვადა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ან მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს საკანონმდებლო ორგანოს.პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 63 პარლამენტარმა მისცა.საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ტელევიზიების წარმომადგენლები, ასევე, მედიაექსპერტები პრეზიდენტს აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი.