DIOR -ის სახლი დაარსდა 1946 წლის 16 დეკემბერს პარიზში, ავენიუ მონტენის 30-ში. თუმცა მისი დამაარსებლის კრისტიან დიორის ისტორია პარიზიდან მოშორებით, კერძოდ პატარა ქალაქ გრანვილში დაიწყო. კრისტიან დიორი დაიბადა 1905 წელს ზღვისპირა ქალაქში ნორმანდიის სანაპიროზე. როდესაც ის 6 წლის იყო თავის 4 და-ძმასთან ერთად: რაიმონდ, ჟაკლინ, ბერნარდ და კეტრინთან- დიორები პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. რადგან ოჯახი შეძლებული იყო დაწყებითი განათლება კრისტიანმა სახლში მიიღო და მას დიპლომატიური კარიერისთვის ამზადებდნენ. ჩააბარა თავისუფალ სკოლაში პოლიტიკური მიმართულებით. თუმცა მისი დიპლომატიური მოღვაწეობა აქ დამთავრდა, რადგან სამართლის ნაცვლად მუზეუმებს სტუმრობდა, ეცნობოდა მუსიკას, ხელოვნებას და სახვითი ხელოვნების ისტორიას. მისი არტისტულობა ხელოვნებისკენ იხმობდა და ცხოვრებამაც უხვად შესთავაზა შესაფერისი შესაძლებლობები. 1928 წელს მეგობარ ჟან ბანჟაკთან ერთად გახსნა სამხატვრო გალერეა, სადაც ისეთი ცნობილი მხავრების ნაშრომები იყო გამოფენილი როგორებიც იყვნენ ანდრე დერენი, ანრი მატისი, პაბლო პიკასო და სხვები.
1946 წელს კრისტიანის მარსელ ბუსაკთან Marcel Boussac შეხვედრას მოჰყვა პარიზში დიორის სამოდელო სახლის გახსნა. ბუსაკმა, წარმატებულმა მეწარმემ, რომელიც ცნობილი იყო იმ დროს საფრანგეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის, Dior Philippe et Gaston-დიზაინისთვის მიიწვია, პარიზის მოდის სახლში. დიორმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან სურდა საკუთარი სახელის ქვეშ შეექმნა ახალი, ბუსაკის შეთავაზება მხოლოდ ძველი ბრენდის აღორძინებას გულისხმობდა, დიზაინერის ინტერესები კი ბევრად ფართო მასშტაბებს მოითხოვდა. საინტერესოა, რომ ეს უარი არ გამხდარა ბუსაკის განაწყენების მიზეზი, პირიქით 1946 წლის 8 დეკემბერს, სწორედ მისი მხარდაჭერით დიორმა გახსნა საკუთარი მოდის სახლი. მისი პირველი კოლექციის ხაზის ნამდვილი სახელი, რომელიც გახსნიდან ერთ წელიწადში წარადგინა, იყო Corolle. თუმცა ისტორიაში დარჩენილი ფრაზა New Look Harper's Bazaar-ის მთავარ რედაქტორ-კარმელ სნოუს ეკუთვნის. კრისტიან დიორის სადებიუტო ჩვენებას საფრანგეთში მოდის ინდუსტრიის აღორძინებად მიიჩნევდნენ. ის არა მხოლოდ ტანსაცმლის დიზაინის არამედ თავად ჩვენების რევოლუცია იყო. მთლიანობაში კოლექცია ძალიან ქალურ დიზაინს წარმოაჩენდა, განსხვავებით ომის პერიოდის მოდისგან, რაც ვიწრო წელის, თხელი მხრებისა და გაშლილ გრძელ კაბებში გამოხატულ დახვეწილობაში ვლინდებოდა. ამასთან, შეინარჩუნა კარკვეული მამაკაცური ასპექტებიც, რადგან წინა საუკუნის 40-იან წლებამდე ის შანელის მიერ დაინერგა და ქალის ტანსაცმლის კომფორტს განაპირობებდა. დიორის მიერ ერთი კაბის შესაქმნელად დახარჯული მატერიის რაოდენობა თავდაპირველად კრიტიკით შეფასდა, მით უმეტეს ომის შემდეგ მასალაზე ხელმომჭირნე გამოყენებას მიჩვეული დიზაინერებისგან. New Look შესახებ კოკო შანელი აღნიშნავდა: ასეთი მოუხერხებელი დიზაინის შექმნა შეეძლო მხოლოდ იმ კაცს, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ქალთან ახლო ურთიერთობაში".
წლიდან წლამდე ბრენდი განაგრძობს განვითარებას და მიჰყვება დიორის სტილის, რომლის ამოსავალი იდეა იყო ქალურობა, ყვავილების სიუხვე როგორც ფორმებში ასევე ტანსაცმლის გაფორმებასა და სუნამოებში. რამდენიმე ახალი დიზაინერით, რომელთაც დროთა განმავლობაში საკუთარი შტრიხები შეიტანეს დიორის ფორმებში - კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ფრანგული მოდის სტილი, რომელსაც ასე სათუთად უფრთხილდებიან.