ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა ქართულმა მხარემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 69-ე შეხვედრაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება მოითხოვეს. საუბარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით გამოწვეულ ვითარებასაც შეეხო, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავების დროს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტებზე ისაუბრეს.