პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისას დაშვებული შეცდომა არ უნდა განმეორდეს. იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევად გასაუბრების ეტაპი დაიწყო. სამთავრობო კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კონკურსი ორი დღეს გაგრძელდება და სულ 23 კანდიდატს მოუსმენენ. ერთ-ერთმა კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა 25 მაისს, კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. სამთავრობო საკონკურსო კომისია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 5 კანდიდატს შეარჩევს. შემდეგ მთავრობას წარუდგენს, საიდანაც 3 კანდიდატი შეირჩევა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი შეირჩევა.ამ თანამდებობაზე კანდიდატი 10 წლის ვადით ირჩევა.