ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლურად განწყობილმა კანდიდატმა სტევო პენდაროვსკიმ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტური 5 მაისს გაიმართა და პენდაროვსკის კონკურენტს ნაციონალისტების კანდიდატი გორანა სილიანოვსკა-დავკოვა წარმოადგენდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო კომისიამ ხმების 99.5 პროცენტი უკვე დათვალა, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა 51.7-მა პროცენტმა მხარი სწორედ პენდაროვსკის დაუჭირა. პენდაროვსკი სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე წლებია მუშაობს, იგი ასევე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა. პენდაროვსკი მმართველი კოალიციის კანდიდატი იყო არჩევნებში. მისი გამარჯვება იმის მომასწავებელია, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს სავარაუდოდ ივნისში დაიწყებს, ხოლო ნატოს 30-ე წევრი მომავალ წელს გახდება.