ჩრდილოეთ კორეა უარს ამბობს სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის მოქმედებების გამო მიიღო.
"ბიბისის" ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "სამხრეთ კორეა აგრძელებს სამხედრო წვრთნებს... სეული საუბრობს "მოლაპარაკებებზე" ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და ამავდროულად აგრძელებს ომის სცენარს, რომლის მიზანი ჩვენი არმიის 90 დღეში განადგურებაა. ის ნამდვილად უსირცხვილო ადამიანია", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ 2045 წლისთვის კორეის ნახევარკუნძული გაერთიანდება. ამასთანავე, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, დღეს დილით ჩრდილო კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეექვსე ასეთი შემთხვევა იყო.