ჩრდილოეთ კორეა აშშ-ზე ბირთვულ დარტყმას მიიტანს, თუ შეერთებული შტატები ქვეყნის ლიდერის გადაყენებას ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. აშშ-ის მიმართ მუქარა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საჭიროა ტრამპის ადმინისტაციამ იპოვოს გზა, რათა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მზარდი ბირთვული ქვეყნის მმართველობიდან მოხსნას. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური ფხენიანი აშშ-ს ბირთვულ ბომბს შიგ გულში ესვრის. ამის შესახებ ცნობას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს. ოფიციალურმა ფხენიანმა ახალი კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც ექსპერტების ვარაუდით აშშ-ის ტერიტორიამდე მიაღწევს.