ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული პროცესი შეჩერდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სხდომის დაწყებისას ბრალდებული მიხეილ იაშვილი შეუძლოდ გახდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ საუბარი უჭირს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი დაგვიანებით დაიწყო და ამის მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. როგორც მიხეილ იაშვილის დედამ და მეუღლემ განაცხადეს, ბრალდებული არის შშმ პირი, ამასთან, მან დაკავების შემდეგ დაიწყო შიმშილობა, რის შედეგადაც რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ. ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ადვოკატის დავით ცინცქილაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.