მზის ენერგიის პანელების არაერთი ფორმა და ზომა არსებობს, თუმცა, მზის პანელი რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, განსაკუთრებით გამოირჩევა დიზაინით. „ჭკვიანი ყვავილი“, ასე ჰქვია განახლებადი ენერგიის მისაღებად შექმნილ პანელს, რომელსაც მზესუმზირის ფორმა აქვს.
გარდა დიზაინისა, ეს მზის პანელი იმითაც გამოირჩევა, რომ იგი 40%-ით უფრო ენერგოეფექტურია სხვებთან შედარებით. მისი შექმნის იდეა გაჩნდა ჰელიოტროპიზმიდან გამომდინარე. სწორედ ჰელიოტროპიზმის პრინციპით ბევრი მცენარე ცოცხლობს, კერძოდ, მზესუმზირა და კიდევ სხვა მცენარეები იმ მიმართულებით შლიან ყვავილებს, საიდანაც მზის სხივი ხვდება მათ. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს „ჭკვიანი ყვავილიც“. იგი ფრთებს მაშინ შლის, როდესაც მზის სხივი ხვდება. მას ასევე ფრთების ტრიალიც შეუძლია მზის მიმართულებით, რათა მაქსიმალურად ეფექტურად დააგროვოს ენერგია.
ინოვაციური მზის პანელი ავსტრალიაში კომპანია SmartFlower Solar-მა შექმნა. მას წლის განმავლობაში 4500-დან 6500-მდე კილოვატ საათის ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამასთან, „ჭკვიან ყვავილს“ შეუძლია ქარის შემთხვევაში თავადვე დაკეცოს ფრთები, რათა მას საფრთხდე არ შეექმნას. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ასევე ისაა, რომ იგი ელექტრომობილების დამტენებთან ინტეგრაციის საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შესაძლოა, გამოიყენოთ ელექტრომობილების დატენვისთვისაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით „ჭკვიან ყვავილს“ თამამად შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე ჭკვიანი მზის პანელი.