18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში კუციამ გახსნა, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა. სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. შესვენების შემდეგ ყველაფერი სლოვაკების სცენარით წარიმართა და ჯერ 52-ე შემდეგ კი 66-ე წუთებზე ორი გოლის გატანა შეძლეს. ქართველთაგან საპასუხოდ მატჩის მიწურულს სპანდერაშვილმა გაიტანა. ამგვარად საქართველოს ნაკრებს 5 ჩატარებული მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. 9-9 ქულით ჩვენი ჯგუფის ლიდერები საფრანგეთი და შვეიცარია არიან.