ჩხოროწყუს მოსახლეობა დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. გამგეობაში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გამგებლის მოადგილის განცხადებით, მოსახლეობასთან კონსულტაციები გავლილია, დასკვნითი შეხვედრა კი 7 აპრილს გაიმართება, რომელზეც შესაბამისი მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება. ვალერი თოდუას განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში რამდენჯერმე იდგა და გარკვეული დაბრკოლებების გამო ფერხდებოდა. მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ საკითხი საკრებულოს განსახილველად გადაეცემა, უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც საკითხს მთავრობის სხდომაზე დააყენებს. მთავრობამ კი ინიციატივის გაიზიარების შემთხვევაში შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს.