საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის ბეიჯინ ქსინ ჩანგჩენის დელეგაცია მიიღო. ფონდის ინფორმაციით, ჩინური კომპანია საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტირებით არის დაინტერესებული და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. კერძოდ, ჩინური მხარე ქვეყანაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გოლფის მოედნების მშენებლობას გეგმავს. საუბარი შეეხო ასევე, ჩინეთ-საქართველო-ევროპას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხსაც. ჩინური ტურისტული კომპანია საწყის ეტაპზე საქართველოში მაღალი დონის ტურების ორგანიზებას აპირებს, რომელიც ქართულ კულტურას, ღვინოსა და ისტორიულ მემკვიდრეობას გაუწევს პოპულარიზაციას.
2016 წლის მონაცემებით, ჩინელი ტურისტების რაოდენობამ მსოფლიოში 122 მილიონს გადააჭარბა, რაც მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.